თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.
საკრებულოს წევრებს ფრაქციის „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის“ პარტიული სიით არჩეული თბილისის საკრებულოს წევრის ირაკლი გვილავას ნაცვლად, მისი ადგილმონაცვლის რატი იონათამიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წარუდგინა.
დეპუტატებმა განხილვის შედეგად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა ღირსეული დასაქმებისთვის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სტუდენტების დაფინანსების და ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარით უზრუნველყოფის წესები დაამტკიცეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ იმსჯელეს და
,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში რამდენიმე ზონალურ ცვლილებას დაუჭირეს მხარი.
სხდომაზე თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს კარლო ლაფერაძეს მოუსმინეს და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების პრივატიზებას, პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გადაცემას, მათ შორის, გორგასლის ქ. N 63-ში მდებარე 7793 კვმ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N 1-ის გაცვლის ფორმით პრივატიზებას და შპს „ელზუეროსთან“ გასაფორმებელი შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმებას დაუჭირეს მხარი.
დადებითად შეფასდა საკითხი ,,საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე’’ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რაც N5 ავტობუსის მარშრუტის ცვლილებას, კერძოდ, მოსახლეობისა და ვაკის გამგეობის თხოვნის საფუძველზე, დაბა წყნეთში შიდა დასახლების მომსახურებას გულისხმობს.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატების გადაწყვეტილებით, რამდენიმე უსახელო ქუჩას, სკვერს, ჩიხსა და სპორტულ მოედანს ახალი სახელების მიენიჭა.
საკითხი დასამტკიცებლად კომისიაში განხილვის შემდეგ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ წარმოადგინა.
დღესვე საკრებულოს წევრებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ასევე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესების დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის საქალქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.