თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში საკრებულოს სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს.
სხდომას თბილისის მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურებისა გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის “ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესში.
როგორც საკითხის მომხსენებელმა საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ განმარტა, აღნიშნული ცვლილებით ამხანაგობების პროცენტული მონაწილეობა სხვადასხვა პუნქტებში 5 დან 25 პროცენტამდე კლებულობს, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას უფრო მეტად ჩაერთოს მიმდინარე პროექტებში.
აღნიშნული ცვლილებები დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს და საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღესვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად თეიმურაზ ბარკალაიას დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე ასევე დამტკიცდა წესი, რომელიც თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის შვილებისთვის თბილისის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
დეპუტატებმა დღესვე თანხმობა განაცხადეს შპს ,,თბილსერვის ჯგუფისთვის“ 12 ჰექტარი მიწის უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.
როგორც ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ კარლო ლაფერაძემ განმარტა, აღნიშნული ტერიტორიის გამოყენება, მხოლოდ სამშენებლო ნარჩენებისთვის იქნება შესაძლებელი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დღევანდელ სხდომამდე საკრებულოს შესაბამისმა კომისიებმა განიხილეს.