თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა , რომელზეც დეპუტატებმა 4 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილეს ნინო ბურძენიძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.
ბურძენიძის განმარტებით, აღნიშნული წესის მიზანია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვის დეცენტრალიზაცია და მომსახურების ეფექტიანობის გაზრდა, ასევე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვა და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განვითარება.
,, საუბარია 5-6 წლის ბავშვებზე, რომლებიც ასაკის გამო ვერ წავიდნენ სასწავლო დაწესებულებებში.
მათთვის თბილისის 50 სკოლაში მოხდება სპეციალური ჯგუფების შექმნა, რომლებშიც ბავშვები 3-4 საათის განმავლობაში ახალი სახელმძღვანელოთი გაივლიან სპეციალურ პროგრამას ‘’, - - განაცხადა ნინო ბურძენიძემ.
აღნიშნულ საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
დღესვე საკრებულოს წევრებმა შპს „არმლენდერ ასოშიეტსსა“ და ქალაქ თბილისის მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული და მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებაზე , ასევე ექტრონული აუქციონით შპს „ვაკის პარკისათვის“ განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს და დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
ასევე დადებითი რეკომენდაცია მიეცა შპს „ლიდერ გრუპს“ ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილებასაც.