თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს, მათ შორის დედაქალაქის მერის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს.
მერის მოადგილის კანდიდატურა სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა წარადგინა.
როგორც ლაშა აბაშიძემ განაცხადა, გრიგოლ ლილუაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე გამოცდილებისა და პოფესიონალიზმის ნიშნით შეირჩა.
წარმოდგენილ კანდიდატს დეპუტატებმა მის საკურატორო სფეროში დაგეგმილ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები, რასაც გრიგოლ ლილუაშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა.
შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილის დედაქალაქის მერის მოადგილედ დამტკიცებას დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირეს მხარი.
დღესვე საკრებულოს წევრებმა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესში“ შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი დეპუტატებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ წარუდგინა.
თედო კობახიძის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადების საფუძველზე იურიდიულ საკითხთა კომისიამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-110 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ცვლილება შევიდა.
დეპუტატის თქმით, განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დევნილთა სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, დევნილთა კორპუსების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წილის დაფინანსება სუბსიდირების გზით მოახდინოს და მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდეგ გადარიცხოს დევნილთა ამხანაგობის მიერ მოთხოვნილი წილი.
რაც შეეხება ამხანაგობებს, მათ სამინისტროს მიერ თანხის გადარიცხვამდე მიეცემათ შესაძლებლობა, გამგეობას საბანკო ქვითრის ნაცვლად დევნილთა სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირება წარუდგინოს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება და საშტატო ნუსხა დაამტკიცეს და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს, რომლებიც რამდენიმე მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემას გულისხმობდა.
აღნიშნულ სააგენტოს ასევე თანხმობა მიეცა სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის დიღმის მასივში მდებარე მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით პრივატიზებაზე.
სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.