დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნების პაკეტთან ერთად თბილისის მერიას უკან დაუბრუნდება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
როგორც ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ დეპუტატებს განუმარტა, მერია ყველა ფრაქციისა და კომისიის მიერ შემუშავებულ დასკვნას მიიღებს და ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს დასამტკიცებლად 10 დეკემბრამდე დაუბრუნებს.
დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის გარდა დეპუტატებმა სხვა საკითხებიც განიხილეს.
საკრებულოს წარმომადგენლებმა მერიის მოხელეთა თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების, ასევე რამდენიმე უსახელო ქუჩისა და სკვერისთვის სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
სხდომას დეპუტატების გარდა დედაქლაქის მერის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი და თბილისის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.