თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობისა და დედაქალაქის მერის ერთობლივი კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა.
სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი ალიბეგაშვილმა დავით ნარმანიას მოსვლისთვის უმრავლესობის სახელით მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა საქმიან და კონსტრუქციულ გარემოში წარიმართებოდა.
სხდომას, რომელზეც დავით ნარმანიამ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეულ ფენებში არსებულ კითხვებს უპასუხა, საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ბოტანიკური ბაღის თემაზე გამართულ პრეზენტაციამდე, დედაქალაქის მერმა თბილისში განხორციელებული პროექტები შეაფასა და ჯანდაცვის პროგრამებზე, 2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე განაშენიანების ინტენსივობის K2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით გაცემულ ნებართვებზე, გენერალური გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე, ქალაქში ადრე არსებული უკონტროლო და ქაოტური განაშენიანების საკითხებზე, მათი მმართველობის პერიოდში საბავშო ბაგა-ბაღების მშენებლობებზე, ასევე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.
პროექტების მოკლე შეფასების შემდეგ დავით ნარმანიას გამოსვლის ძირითადი ნაწილი ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებულ თემას დაეთმო.
მერის თქმით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები თემის მანიპულირებითა და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რაც სრულიად მიუღებელია.
მისივე განმარტებით, ტერიტორიების კორექტირებით, ბოტანიკური ბაღის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, თაბორის მთის ვაკე ტერიტორია, ნაყოფიერი და საპარკე ნაწილის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია შეუერთდა.
,,ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო მოვლილი, სარწყავი სისტემებით აღჭურვილი, ვიზიტორთათვის საფეხმავლო ბილიკებითა და მიმართულებების მაჩვენებელი ნიშნებით მოწყობილი ტერიტორია. საბოლოოდ, ბოტანიკური ბაღი კრწანისი-შინდისის ახალ გზას უშუალოდ დაუკავშირდება, რის შედეგადაც ბაღში ახალი ალტერნატიული შესასვლელი გაჩნდება. თაბორის მთაზე ახალი ტურისტული მარშრუტი მოეწყობა, რომლის მეშვეობითაც ქალაქისა და ბაღის საუცხოო ხედების დათვალიერება გახდება შესაძლებელი. ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება ბაღის ფართობის უცვლელად და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალისგან დამოუკიდებლად განხორციელდა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის გამოსვლის შემდეგ სხდომა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ და ფრაქციების წარმომადგენლებმა შეფასებები გააკეთეს.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო ყოველთვის ღიაა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხილვებისთვის, რომლებიც დედაქალაქის წინსვლასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.