თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, საკრებულოს წევრებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდა.
განცხადებების შემდეგ, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდის მოცულობა 2 მილიონი ლარით იზრდება. ეს ცვლილება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის შემცირების ხარჯზე განხორციელდა. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა არ იცვლება და 1 392 079,0 ათას ლარს შეადგენს.
გაიოზ თალაკვაძემ საკრებულოს წევრებს თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშიც წარუდგინა. მან გასული წლის ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წლის დედაქალაქის ფინანსური დოკუმენტი შემოსავლების ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა.
დღესვე, საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ წარადგინა.
აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს სხდომაზე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება განიხილეს. ამ ცვლილებით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის ბენეფიციარების ლიმიტი იზრდება 175 ერთეულით, შესაბამისად ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას 1375 ბენეფიციარის ნაცვლად მიიღებს თვეში არაუმეტეს 1550 ბენეფიციარი.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები გააცნეს საკრებულოს წევრებს. ამ ცვლილებით ,,შპს ,,ეკოსერვის ჯგუფში“ მომუშავე მძღოლებს, მებაღეებს, დამლაგებლებს, მთიბავებს, დამხმარე მუშებს, ელექტრიკოსებს, ძრავის შემკეთებლებს, შადრევნის მრეცხავებს, სპეციალისტებს, მჭრელებს, მხერხავებს, მუშებს უფასო მგზავრობის უფლება მიეცემათ.
დღესვე საკრებულოს წევრებმა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2- M3 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილებაში განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. ამ ცვლილებით, 16 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ეტაპობრივად მოემსახურება. ამოქმედდება ავტობუსის შვიდი და მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტი, ამასთანავე, ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებზე იცვლება მოძრავი ერთეულების რაოდენობა, მცირდება ინტერვალები და ასევე, გრძელდება რამდენიმე მარშრუტი.
საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და შპს „ალმას“ შორის 2019 წლის 6 თებერვლის „შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემისა და ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე რეკლამის განთავსების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებები წარადგინეს. განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა არჩილ მეფის N25-ბ-ში არსებული ობიექტისთვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების საკითხი წარადგინა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, 170 დაზარალებული ოჯახის ბინებით დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდება.
საკრებულოს სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ”ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების შესახებაც იმსჯელეს. დღესვე, საკრებულოს წევრებმა თბილისში, რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.