თბილისის საკრებულოს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა. სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდა.
განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. როგორც ცნობილი გახდა, ცვლილება შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, ასევე რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესში. საკითხი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა კახაბერ გვანცელაძემ წარადგინა. ამ ცვლილებებით, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მიეცა უფლებამოსილება მათ მიერ დამტკიცებული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომ თბილისის მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში მიიღონ უკრაინის მოქალაქეების 2-დან 6-წლამდე ასაკის შვილები.
საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. ცვლილებები სამშენებლო ობიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებას გულისხმობს.
დღესვე, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული შპს „მს ბილდერისთვის“ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი და დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გატარების საკითხი განიხილეს.
გარდა ამ საკითხებისა, სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც თბილისის ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის რამდენიმე წესში ცვლილებები წარადგინეს. ეს ცვლილებები შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობასა და ლიმიტების რაოდენობას ეხება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.
სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში“ ცვლილებები და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.