თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის პროექტზე იმსჯელეს. საკითხი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ წარადგინა. ცვლილებით, ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს დაემატა ტერმინი - „გადაწყვეტილების განაღდება“, რომელიც სხვა საჭიროების (მედიკამენტის) დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მედიკამენტის გაცემას გულისხმობს. ასევე დაემატა ტერმინი - „ელექტრონული რეესტრი“ - გააქტიურებული და განაღდებული შემთხვევების აღწერა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ საკრებულოს წევრებს რამდენიმე საკითხი წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, ცვლილება განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მარშრუტების დამტკიცების თაობაზე თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში. ასევე განიხილეს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ საკრებულოს კონკრეტულ დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი. პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული და ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმებში ცვლილებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულ საცნობ ნიშნებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ მათი მოქმედების ვადით.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, სხდომაზე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვების გაცემის შესახებ ელექტრონული პირობებიანი აუქციონების გამოცხადების თაობაზე იმსჯელეს. ასევე საკითხი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ წარადგინა. მან საკრებულოს წევრებს გარე რეკლამის განთავსების ნებართვების მოქმედების 2021 წლის პირველ სექტემბრამდე გაგრძელების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ამ საკითხზე საკრებულოს სხდომაზე განცხადებები გაკეთდა. საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა საკითხის გადადების წინადადება წამოაყენა. განმარტებები საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ახალი პირობების მიხედვით, გაუმჯობესებულია სატენდერო პირობები და გათვალისწინებულია სამართლიანი და მუნიციპალიტეტისთვის მომგებიანი ფინანსური მხარე.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა დედაქალაქში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების გაცვლისა და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემას მხარი დაუჭირეს. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, დედაქალაქში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა.