საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით თბილისის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით არაფინანსური აქტივების (მიწის) გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების საფუძველზე იზრდება.
აღნიშნული საკითხის გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა ავტობუსებით და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი გააცნო საკრებულოს წევრებს. მისი განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით საბაგირო გზით ,,უნივერსიტეტი-ბაგები’’ მგზავრთა ერთი მიმართულებით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფის 0,5 ლარამდე შემცირებით.
ცვლილება ასევე განხორციელდა ავტობუსებით და მეტროთი რეგულარული სამგაზვრო გადაყვანისას, აგრეთვე საბაგირო გზით - ,,რიყე-ნარიყალა’’, ,,ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა’’ და ,,უნივერსიტეტი-ბაგები’’ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფის ფასდაკლების სისტემის შესახებ დადგენილების პროექტშიც.
დღესვე, რამდენიმე მისამართზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხს მხარი დაუჭირეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
საკრებულოს წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს მოუსმინეს და თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების გაცვლისა და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემას მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თორნიკე ბიკაშვილის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირეს, რომელიც დედაქალაქის საკრებულოში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ სიით ლევან ხაბეიშვილის ნაცვლად შევიდა.