თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს. ცვლილების თანახმად, ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულია 45 მარშრუტი და 300 ერთეული მიკროავტობუსი.
ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული მიკროავტობუსების მგზავრობის საფასური 0,50 თეთრია. 1 აპრილიდან ინტეგრირებულ ქსელში ჩართული მიკროავტობუსიდან ავტობუსში ან მეტროში და პირიქით, 90 წუთის განმავლობაში გადაჯდომა უფასო იქნება. ამასთან, ავტობუსში და მეტროში სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე, სოციალურად დაუცველებზე, ვეტერანებზე მოქმედი შეღავათიანი ტარიფი მიკროავტობუსებშიც გავრცელდება.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს წევრებს დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების შეთანხმების საკითხი წარუდგინა.
საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ დეპუტატებს თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზებისა და შესაბამის დადგენილებებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, რამდენიმე ათეულ ოჯახს საცხოვრებელი ფართი კერძო საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადაეცემა.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს, რომლებიც მერიის არქიტექტურული სამსახურის და ტრანსპორტის და ურბანული გავითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა წარადგინეს.