თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა, თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს. საკრებულოს წევრებს საკითხი იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარუდგინა. მისი განცხადებით, ეს დადგენილება დაუმთავრებელ მშენებლობებს ეხება.
ლევან ჟორჟოლიანმა ასევე სამი დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების შესახებ შეთანხმებები გააცნო წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს. როგორც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამივე საკითხი „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობებია ბოხუას ქუჩაზე, დიდ დიღომში, ტელევიზორების ქარხნის მიმდებარედ, პეტრე იბერის ქუჩაზე და ხოშარაულის და მიმდებარე ქუჩებზე. მისივე თქმით, სამივე მშენებლობაზე 700-ზე მეტი დაზარალებულია.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხი წარადგინეს, რომლებიც სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესს ეხება. ცვლილების თანახმად, სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსების მომსახურებასთან დაკავშირებულ პირობებს, მძღოლის შრომის ანაზღაურებას და საწვავის ხარჯის ოდენობას, თბილისის მთავრობა განსაზღვრავს და ნებართვების მფლობელებს მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელ თანხას აუნაზღაურებს. ამასთან, ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ავტობუსებზე მგზავრობის ფასის გადახდა მხოლოდ ელექტრონული გადახდის საშუალებებით განხორციელდება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ თბილისის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.
საკრებულოს სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. ასევე, საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.