დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სარევიზიო კომისიის მუშაობის 6 თვის ანგარიში მოისმინეს. ანგარიში კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ წარადგინა.
დღესვე საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის (თბილისის წყალსაცავის) სანიტარული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესი დაამტკიცეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კი საკრებულოს სხდომაზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები წარადგინა, რომლებიც "ოლიმპიური ვარსკვლავის" და "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელ მშენებლობებს შეეხება. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, წარმოდგენილია საკმაოდ მოცულობითი პროექტები, რომლებიც დაზარალებულთა ბინებით დაკმაყოფილებას გულისხმობს.
სხდომაზე დეპუტატებმა ასევე პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს.
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ პროექტი წარადგინა. საკრებულოს წევრებმა აღნიშნული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისთვის კონკრეტული საფასურის დაწესებას მხარი დაუჭირეს.
დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირეს საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის მიერ წარდგენილ საკითხს, რომელიც ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე „არტოს ბაღისთვის“ კომპოზიტორის, საზოგადო მოღვაწის გია ყანჩელის სახელის მინიჭებას შეეხება. როგორც ცნობილია, ამ საკითხის ინიცირება ერთი წლის წინ მოხდა. საზოგადოების და კულტურის სფეროს წარმომადგენლების ჩართულობით, საჯარო განხილვაც გაიმართა, რომელზეც აღნიშნულ ინიციატივას მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე უსახელო ქუჩის და სკვერის სახელდების საკითხებიც დაამტკიცეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კი დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები წარადგინეს, რომელსაც საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.