თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. ცვლილებების პროექტი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შემოსავლების და ხარჯვით ნაწილში მცირდება. ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საკუთარი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა გამოთქვეს.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე ორი ახალი წევრის - ზაზა მამალაძის და ვაჟა ოთარაშვილის უფლებამოსილების ცნობის მიზნით, კენჭისყრა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა მათ კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრებს სსიპ თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დაფუძნების და დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ტექნიკური სახის ცვლილებები გააცნო.
იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ კი საკრებულოს სხდომაზე „მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებები, ასევე თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ №17-49 დადგენილებაში ცვლილებები დეპუტატებს გააცნო.
საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ N39-18 დადგენილებაში და თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ №14-39 დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს, რომლებიც სსიპ ურბანული განვითარების სამსახურმა წარადგინა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე მისამართზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებს მხარი დაუჭირეს.
დეპუტატებმა საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცეს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ წარადგინა.