თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „სატრანსპორტო კომპანიას“ შორის „თბილისის მეტროს პროექტთან“ დაკავშირებით ქვესასესხო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირეს. საკითხი ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, ხელშეკრულებით, მეტროს რეაბილიტაციის შემდგომი ეტაპისთვის 75 მილიონი ევროა გათვალისწინებული.
საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს წევრების ფრიდონ ინჯიასა და გოჩა თევდორაძისთვის, მათი პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესებში ცვლილებები განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ეს ცვლილებები აუტიზმის ქვეპროგრამის განხორციელების წესს ეხება, რომელსაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ახალი - ტელეინტერვენციის(ინდივიდუალური) მეთოდი დაემატება. ცვლილებები სხვა ქვეპროგრამებშიც შევიდა.
დეპუტატებმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისთვის ქონების პრივატიზების, მიწის ნაკვეთის გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხებს მხარი დაუჭირეს. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ,,მთაწმინდის პარკის გრძელვადიანი იჯარის შესახებ’’ ხელშეკრულებაში ცვლილებები და დამატებები მიიღეს.
საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საკრებულოს მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა წარუდგინეს.