თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიასა და კომპანია M2-ს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე განცხადებები გაკეთდა, რომლის მიხედვითაც M2 სამშენებლო კომპანია „სვეტის“ შეჩერებულ პროექტებს გადაიბარებს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად, „სვეტის“ მიერ დაზარალებულთა ინტერესები დაკმაყოფილდება.
„მემორანდუმის გასაფორმებლად თბილისის მთავრობა აქტიურად მუშაობდა. შედეგს მივაღწიეთ და კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებს დავაკმაყოფილებთ. შეიძლება ითქვას, რომ 2500-მდე ოჯახის ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილია და ისინი M2-სგან ბინებს მიიღებენ. იმისთვის, რომ პროცესი დასრულდეს, წინ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები გვაქვს, რომელშიც თბილისის საკრებულო დედაქალაქის მერიასთან ერთად აქტიურად იმუშავებს, “- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
2500-მდე ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების საკითხს საკრებულოს უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. მათ დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა დეპუტატებს სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახა სამხარაძის კანდიდატურა წარუდგინა. მან კახა სამხარაძის სამუშაო გამოცდილებაზე და საქმიანობაზე ისაუბრა. საკრებულოს წევრებმა გამგებლის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
დღესვე საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და დაამტკიცეს. მათ შორის, თბილისის სხვადასხვა რაიონებში ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები.
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა „C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ ცვლილების საკითხი წარადგინა. ცვლილების მიხედვით, 2019 წლის 1 აგვისტოდან პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები, სრულად ფინანსდებიან საქართველოს მთავრობის მიერ, ხოლო 2019 წლის 1 აგვისტომდე ჩართულ ბენეფიციარებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს. ასევე, თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესში ტექნიკური სახის ცვლილება შევიდა. საკრებულოს წევრებმა წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
თბილისის საკრებულოს სხდომას ოპოზიციური ფრაქციები ბოიკოტის გამო არ დასწრებიან.