თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისში არსებული დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებები დაამტკიცეს. საკითხი საკრებულოს წევრებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გააცნო. მისი თქმით, დღეს წარმოდგენილი პაკეტის დამტკიცების შედეგად, „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ მიერ ყველა დაუსრულებელი ობიექტის მიმართ, სამშენებლო პროცესის დასრულებისთვის აუცილებელი ხელშემწყობი ღონისძიებები გატარდა. მისივე თქმით, მარიჯანის ქუჩაზე მდებარე შპს ,,ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დაუსრულებელ ობიექტთან დაკავშირებით, გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების შედეგად, საცხოვრებელი ფართით 433 დაზარალებული, ხოლო ბოჭორიშვილის ქუჩაზე 370-მდე დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება.
გარდა „ცენტრ პოინტ ჯგუფისა“, საკრებულოს სხდომაზე, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები რამდენიმე სამშენებლო კომპანიასთან მიმართებაშიც დაამტკიცეს.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს. აღნიშნული საკითხები, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს.
დეპუტატებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში ცვლილებები შეიტანეს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების M2 და M3 კატეგორიის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტზეც იმსჯელეს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, რიგ მარშრუტებზე მოძრავი ერთეულების რაოდენობა იზრდება.