თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 60 საკითხი განიხილეს.
სხდომა, რომელსაც დეპუტატების გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი საკრებულოს რეგლამენტში შესატან ცვლილებას შეეხო, რომელიც დეპუტატის დამატებით მეორე კომისიაში მუშაობისას წარმოქმნილი ხარჯების ანაზღაურებას მოიცავს.
როგორც საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ განმარტა, ცვლილება არ ეხება თანამდებობის პირებს და მისი ოდენობა არა უმეტეს 700 ლარით განისაზღვრება.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მისი ადმინისტრაციისა და საქალაქო სამსახურების დებულებების, ასევე მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებაც იმსჯელეს.
აღნიშნული დოკუმენტები თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნითაა შემუშავებული და ის სამუშაო გეგმების, სტრუქტურული სამსახურებისა და სხვა საკითხების წესრიგში მოყვანას გულისხმობს. როგორც საქალაქო სამსახურების უფროსებმა განმარტეს დებულებებში ძირეული ცვლილებები არ შესულა.
დღესვე გიორგი ალიბეგაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერისა და მისი ძეგლის გახსნის დაჩქარების, ასევე მირზა გელოვანისა და ალექსანდრე ბატონიშვილის ცხედრების თბილისში გადმოსვენების ინიციატივით გამოვიდა.
სხდომაზე დეპუტატებმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად თბილისში არსებული უსახელო ქუჩებისთვის ახალი სახელების მინიჭების თაობაზეც იმსჯელეს.
29 ქუჩიდან საკრებულოს წარმომადგენლებმა მხოლოდ 28 საკითხს დაუჭირეს მხარი.