თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 35 ხმით 8 - ის წინააღმდეგ, დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი მიიღო.
აღნიშნული დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წარუდგინა და იმ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც 2015 წლის ბიუჯეტშია ასახული.
თბილისის მერის თქმით, მთავარი საფინანსო დოკუმენტი ოთხი ძირითადი მიმართულებისგან შედგება და ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს, ინფრასტრუქტურულ და გარემოს დაცვით პროექტებს, ასევე საბავშვო ბაღებზე ზრუნვას მოიცავს.
"მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პროგრამული ბიუჯეტის პრინციპებზე შეიქმნა , იგი გამჭვირვალეა და შედეგებზეა ორიენტირებული “,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ქალაქის მერის შემდეგ დეპუტატებს სიტყვით ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ მიმართა და ბიუჯეტში შეტანილი პროექტები დეტალურად მიმოიხილა.
"დედაქალაქს ასეთი მოცულობითი ბიუჯეტი ჯერ არ ჰქონია და მისი ხარჯვის პროცესის გაცნობის საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს ექნება“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების კითხვები ძირითადად თბილისში საცობების აღმოფხვრას, ავარიული სახლების შეკეთებას, ტრანსპორტის გაიაფებას, კომუნალური ვაუჩერების განაწილების ახალი წესის შემოღებას და ქალაქის გამწვანების საკითხებს ეხებოდა.
ფრაქციების "ნაციონალური მოძრაობა“, "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ " გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენლებმა და საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა საკუთარი პოზიცია სხდომაზე დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდნენ.
მომვალი წლის ფინანსური დოკუმენტი ყველა ფრაქციის თავმჯდომარემ შეაფასა.
სევდია უგრეხელიძის თქმით, იგი ისურვებდა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში არა ძველი პროექტების გაგრძელებაზე, არამედ ახალი პროექტების დაწყებაზე ყოფილიყო საუბარი.
"გაერთიანებული დემოკრატების’’ თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამ კი განაცხადა, რომ აღნიშნული ბიუჯეტით თბილისელები ვერ მიიღებენ ისეთ შედეგს, რომელიც მათ კეთილდღეობაზე აისახება.
კოალიცია "ქართული ოცნების’’ დატოვების მიუხედავად 2015 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს " თავისუფალმა დემოკრატებმა“.
"აღნიშნულ პროექტზე მერიასთან და საკრებულოს მმართველ გუნდთან ერთად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მასში სრულად მოხდა იმ შენიშვნების გათვალისწინება, რაც ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა“ წარმოვადგინეთ.
მიუხედავად იმისა, რომ მხარი დავუჭირეთ ბიუჯეტს, ჩვენზე ძლიერი ოპონენტი მერიას არ ეყოლება, რადგან მკაცრ მონიტორინგს განვახორციელებთ თითოეულ ჩატარებულ სამუშაოზე", - განაცხადა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების’’ თავმჯდომარემ გიორგი მუსხელიშვილმა.
ფრაქცია „ქართულო ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის “ თავმჯდომარის, რიმა ბერაძის თქმით კი, მომავალი წლის ბიუჯეტი 21 ახალი პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს და ყველა მათგანი ადამიანის კეთილდღეობაზეა მორგებული.
"ბიუჯეტში წინ არის წამოწეული ის ძირითადი პრობლემები, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს და სწორად არის განსაზღვრული მათი გადაჭრის გზები. ბიუჯეტი ეკუთვნის ხალხს და მათი კეთილდღეობის ზრდაზეა ორიენტირებული“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
2015 წლის ბიუჯეტი დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა შეაფასა.
"ბიუჯეტის პროექტი ყველა კომისიამ და ფრაქციამ დეტალურად გაიარა. საკრებულოს დეპუტატებმა მერიას შენიშვნების პაკეტიც კი გადაუგზავნეს, სადაც ასახული იყო ის პრიორიტეტები, რაც მოსახლეობას აწუხებს.
დედაქალაქის მთავრობამ უმრავლესობის შენიშვნები სრულად გაითვალისწინა და საბოლოო ჯამში მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც თბილისელების ინტერესებზეა ორიენტირებული“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 803 მილიონ 742 ათას 300 ლარით განისაზღვრა.