დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს, რომელიც დეპუტატებს თბილისის მერმა საკრებულოს სხდომაზე წარუდგინა.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, აღნიშნულ ბიუჯეტში საკრებულოს უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წინადადებები და რეკომენდაციები შეძლებისდაგვარად არის გათვალისწინებული.
"დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ბიუჯეტს 12 მლნ. ლარით აღემატება. თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და გამწვანების ღონისძიებები“,- განაცხადა დავით ნარმანიამ და დეტალურად ისაუბრა, როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებზე.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემაც შეაფასა.
ჯაბა სამუშიამ დეპუტატებს გაერთიანებული კომისიების გაფართოებული სხდომის დადებითი დასკვნა გააცნო და დეტალურად ჩამოთვალა ის ცვლილებები, რომლებიც ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტში საკრებულოს დეპუტატების შენიშვნებისა და წინადადებების საფუძველზე იქნა გათვალისწინებული. დეპუტატის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დედაქალაქის მერმა ყველა კითხვას დეტალურად უპასუხა, რის შემდეგაც თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებმა შეაფასეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს კოალიციაში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ შემავალი ფრაქციებისა და ფრაქცია "თბილისელების“ წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი დადებითად შეაფასეს.
დეპუტატებმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრეს, რომლებიც ჯანდაცვის, კომუნალური სუბსიდირების, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შენარჩუნების, ასევე გამწვანების ღონისძიებების, განათლების, სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის, ავარიული შენობების გამაგრების, კოოპერატიული მშენებლობისა და ბინათმესაკუთრეთა პროგრამების კუთხით განხორციელდება. საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა 2016 წლის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიმართებაში გარკვეული რეკომენდაციებიც წარადგინეს და აღნიშნეს, რომ ქალაქში არსებული რიგი საკითხების განსახორციელებლად გონივრულ ვადებში თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. კერძოდ, რეკომენდაციები დედაქალაქში საცობების განტვირთვის, მუნიციპალური ავტო-პარკის, მსუბუქი ტაქსების, სითი-პარკის, წყალ-საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების, ავარიული შენობების რეაბილიტაციის, ასევე კოოპერატიული ბინათმშენებლობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.
საკრებულოს „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციებმა და ფრაქციამ ,, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს, რის მიზეზადაც ბიუჯეტის პროექტში მათ მიერ წარდგენილი შენიშვნების გაუთვალისწინებლობა დაასახელეს.
სხდომას თბილისის მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, რაიონების გამგებლები და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.