თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 46 საკითხი განიხილეს.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თბილისის მერიის კულტურისა და იურიდიული საქალაქო სამსახურების, ასევე მუნიციპალიტეტის რაიონების გამგეობების საშტატო ნუსხა დაამტკიცეს.
ასევე დამტკიცდა თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულება და ცვლილებები შევიდა მერიის იურიდიულ და კულტურის საქალაქო სამსახურების დებულებებში.
დეპუტატებმა კენჭი უყარეს და თანხმობა მისცეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თბილისის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტები ნუსხა, პრივატიზაციის გეგმა, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისთვის პირდაპირი განკარგვის წესით მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემა.
დღევანდელ სხდომაზე ცვლილებები შევიდა მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში და განიხილეს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებები, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტები და კორექტირებული გეგმები.
საკრებულოს წარმომადგენლებმა 2015 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს, თუმცა აღნიშნულმა საკითხმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.
სხდომას დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.