საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს დეპუტატებმა 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი ერთხმად, 46 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
საკითხი საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.
მისი ინფორმაციით, დაზარალებულების დაყოფა ორ კატეგორიად მოხდება. პირველ კატეგორიას საცხოვრებელი სახლების დამკარგავი ოჯახები მიეკუთვნებიან, ხოლო მეორეს კი ყველა ის ოჯახი, რომელთა საცხოვრისები აღდგენას ექვემდებარებიან.
მისივე თქმით, წარმოდგენილი წესის თანახმად, ზარალის ანაზღაურების ორი ვარიანტი განიხილება, კერძოდ, სულადობის მიხედვით ფართისთვის თანხის გამოყოფა და ასევე სტიქიის ადგილზე არსებული ქონების საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა.
დაზარალებულებს კი ამ ორი ვარიანტიდან მათთვის სასურველის არჩევის საშუალება მიეცემათ.
საუბრისას დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტება კომპენსაციის თაობაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ერთი და ორწევრიანი ოჯახებისათვის თანხობრივად 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური კომპენსაცია, ხოლო სამი და ოთხწევრიანი ოჯახისათვის 65 კვ.მ ფართის ადეკვატური კომპენსაცია გაიცემა.
რაც შეეხება ხუთ და ექვსწევრიან, ასევე 7 და მეტ წევრიან ოჯახებს, მათ შესაბამისად, 90 და 110 კვ.მ ფართის კომპენსაცია მიეცემათ.
ამასთან, ოჯახები სულადობის მიხედვით მიიღებენ საოჯახო პაკეტისათვის თანხას. კერძოდ, ერთი და ორწევრიანი ოჯახისათვის გათვალისწინებულია 8 000 ლარი, 3-4 წევრიანი ოჯახისათვის 8 700 ლარი, 5 და 6 წევრიანი ოჯახისათვის 9 400, ხოლო 7 და მეტი წევრიანი ოჯახისათვის 10 500 ლარი.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
დეპუტატების შეკითხვებს ვიცე-მერმა დეტალური პასუხები გასცა და საკითხთან დაკავშირებით მათი პოზიცია მოისმინა.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წარმოდგენილი წესის მნიშვნელობასა და უპრეცედენტობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი მოქალაქეების ინტერესებზე მაქსიმალურადაა მორგებული.
სხდომას საკრებულოს წევრებისა და ვეცე-მერის დიმიტრი ქუმსიშვილის გარდა, დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ასევე მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.