თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 6 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლებიც დეპუტატებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ წარუდგინა.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილება, დაახლოებით, 7 მლნ ლარის ფარგლებში განხორციელდება, თანხა კი ორი მიმართულებით, კერძოდ, სოციალურ მუხლში სოციალური დახმარებებისთვის და ე.წ. ,,მეცამეტე ხელფასის’’ გასაცემად გადანაწილდება.
როგორც ლევან თევზაიამ განმარტა, 2015 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები მიმდინარე პერიოდში ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და წლის ბოლომდე მოსალოდნელი შესრულების გათვალისწინებით ხორციელდება. გარდა ამისა საბიუჯეტო ორგანიზაციების მოძიებული რესურსების ხარჯზე პროგრამებსა და ქვეპროგრამებს შორის მოხდა გადანაწილებები, რომელიც გათვალისწინებულია შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ , ბაგა-ბაღების,ხელოვნების სკოლების, მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის, ხელოვნების კოლეჯის, მუზეუმებისა და თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომელთა პრემიებისთვის.
აღნიშნულ ცვლილებებს დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
დღესვე საკრებულოს წევრებმა საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გადაუდებელი აუცილებლობის, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპის დაცვით, უძრავი ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების გზით გადაცემის თაობაზეც იმსჯელეს და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულებებში შესატანი ცვლელებები განიხილეს. სხდომას დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.