დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის მერიის 8 თვის მუშაობის ანგარიში მოისმინეს.
მოხსენება დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა. დავით ნარმანიამ ძირითადი აქცენტი წლის ბოლომდე დაგეგმილ პროექტებზე გააკეთა.
პრეზენტაცია მერმა ბიუჯეტის შესრულების საკითხებზე საუბრით დაიწყო. დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი სრულფასოვნად შესრულდა, 2015 წლის ბიუჯეტი კი თბილისელების ინტერესების შესაბამისად ხორციელდება.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს იგეგმება უსახლკაროთა თავშესაფრის მშენებლობის დასრულება, ნაგავსაყრელი ქარხნისა და რამდენიმე ბაგა-ბაღის მშენებლობა, ხიდების რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
დავით ნარმანიამ ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, „აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით უკვე მზადდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის რეაბილიტაციის გეგმა.
დედაქალაქის მერი ასევე შეეხო საცობების განტვირთვის თემას და განმარტა, რომ ამ პრობლემას ქალაქის უბნებში მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობა შეამცირებს.
მისივე თქმით, დეველოპერების მხრიდან ობიექტების დროულად დასრულების მიზნით ხანგრძლივდება მშენებლობის ნებართვის ვადა. აღნიშნული გადაწყვეტილება 100-მდე საცხოვრებელ კორპუსს შეეხება. ასევე შენდება ახალი და რემონტდება არსებული სპორტული მოედნები. გარდა ამისა, მიმდინარეობს ეზოების კეთილმოწყობა და იქმნება საზოგადოებრივი სივრცეები.
ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას ნარმანიამ ხაზი გაუსვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის ოპტიმიზაციას და აღნიშნა, რომ საგრძნობლად შემცირდება გამოძახებიდან ადგილზე მისვლის დრო, ასევე მოხდება პერსონალის გადამზადება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 13 ახალი რეანომობილით აღჭურვა.
მანვე ისაუბრა ახალ პროგრამებზე და ყურადღება გაამახვილა, 30 წლამდე პაციენტების ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ახალშობილებისთვის ერთჯერადი 500-ლარიანი დახმარებისა და „C ჰეპატიტის“ , ასევე ლეიკემიის მკურნალობის დაფინანსების პროგრამებზე.
ნარმანიას თქმით, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა სოციალური დახმარების პრიორიტეტს 5 ახალი პროგრამა დაემატა, ხოლო არსებული პროგრამები, მათი დაფინანსების გაორმაგების გამო გაუმჯობესდა.
ანგარიშის წარდგენისას, დედაქალაქის მერმა ქალაქის გამწვანების საკითხებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დედაქალაქის გამწვანების ტემპი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერ საკითხზე ჩაერთონ განხილვაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ გადაწყვეტილებების ფორმირებაში.
დავით ნარმანიამ სამართლიანი კონკურსების სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო დაპირებების შესრულება ამომრჩევლებისთვის წარდგენილი და შეთანხმებული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, განახლდა ლიტერატურული, თეატრალური, კინოს, მუსიკის, ფოლკლორის და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობის პროექტები, დაწესდა „თბილისზე მზრუნველის“ წოდება და აღდგა ჟურნალი „ცისკარი’’.
ანგარიშის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დავით ნარმანიას კითხვებითა და წინადადებებით, როგორც უმრავლესობის , ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიმართეს. სხდომის დასასრულს დავით ნარმანიამ დეპუტატების კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა და დამსწრე საზოგადოებას სურვილებისა და თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის საკრებულო მერიასა და შესაბამის სამსახურებთან ერთად იმ ხედვებზე მუშაობს, რომელიც ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს.
საკრებულოს სხდომას, რომელზეც დედაქალაქის მერმა 8 თვის ანგარიში წარმოადგინა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.