თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ წლიური ანგარიში წარმოადგინა.
დავით ნარმანიამ საკუთარი გამოსვლა 2016 წლის ბიუჯეტით დაიწყო და აღნიშნა, რომ თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 2016 წელს 842 966.4 ათასი ლარით განისაზღვრა. მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში გადასახდელების საკასო შესრულების უპრეცედენტოდ მაღალი - 99%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
დავით ნარმანიამ საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის მიერ 2016 წელს განხორციელებული და 2017 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ამასთან, ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, როგორებიცაა: ჩატარებულ საგზაო სამუშაოები; ხიდების მშენებლობა და რეაბილიტაცია; მერმა ასევე პროექტის „ახალი ტფილისი“ მეორე ეტაპის შესახებ ისაუბრა და დედაქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისა და გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
დავით ნარმანიამ ანგარიშის წარდგენისას მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც დედაქალაქს 2017 წელს ექნება.
მერმა ყურადღება ასევე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზეც გაამახვილა და საკრებულოს წევრებს საბავშვო ბაღებში გატარებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
დავით ნარმანიამ საკუთარ გამოსვლაში ასევე ახალგაზრდების, სპორტისა და კულტურის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ანგარიშის დასრულების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც, რეგლამენტის თანახმად, მერის წლიური ანგარიში ფრაქციების თავმჯდომარეებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა შეაფასეს.
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია საკრებულოს წინაშე ანგარიშით მეშვიდედ წარსდგა.