თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 28 საკითხი განიხილეს.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღის წესრიგის დამტკიცებამდე დეპუტატებმა ჰოლოკოსტის დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სხდომას, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პირველი საკითხი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისა და მათი განხორციელების წესების დამტკიცებას შეეხებოდა.
მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურიის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა დეპუტატებს ოთხი ახალი პროგრამა წარუდგინა, რომლებიც ონკოპრევენციის, ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემოლოგიური კონტროლის დაფინანსებისა და ასევე ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების პაციენტებში (30 წლამდე ასაკის) ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამებს, მათი განხორციელების გზებსა და საშუალებებს მოიცავს.
ჩივიაშვილის თქმით, პროექტის მიზანია დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანი განხორციელება და შესაბამისად პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარებისთვის სათანადო დახმარების გაწევა.
წარმოდგენილი პროგრამების წესებს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
დღესვე თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თბილისში არსებული ზოგიერთი მიწისქვეშა გადასასვლელის შპს „უძრავი ქონება - თბილისისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, ვადიანი, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
როგორც ქონების მართვის სააგენტოს უფროსის პირველმა მოადგილემ კარლო ლაფერაძემ განმარტა, დედაქალაქში არსებული 41 მიწისქვეშა გადასასვლელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს-ს დაქვემდებარებაში გადავიდა. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია მათი რეაბილიტაცია და ის პრობლემები, რაც აქამდე აწუხებდა მოსახლეობას ბოლომდე იქნება აღმოფხვრილი.
ლაფერაძის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში დამონტაჟდება კამერები და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის მოეწყობა სპეციალური პანდუსები.
დღევანდელ სხდომაზე ზონალური ცვლილებების საკითხებიც განიხილეს, მათ შორის დეპუტატებმა ყაზბეგის #24 და #27 კორპუსებს შორის არსებული სკვერისთვის სტატუსის შენარჩუნების თემაზეც იმსჯელეს. საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სკვერს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა.
თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გუდაურის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემასა და ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ობიექტის სახელმწიფოსთვის უსასყიდლო უზურფრუქტით გადაცემის საკითხზეც იმსჯელეს.