თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს იმ წევრებს, რომლებმაც მეათე მოწვევის პარლამენტში მანდატი მოიპოვეს, უფლებამოსილება შეუწყვიტეს. როგორც მოგეხსენებათ, საკრებულოდან პარლამენტში ბექა დავითულიანი, რიმა ბერაძე, ირაკლი ზარქუა, თამარ ტალიაშვილი და ნინო ლაცაბიძე გადავიდნენ. შესაბამისად, თბილისის საკრებულოში გაჩენილ ვაკანტურ პოზიციებზე წარმომადგენლობითი ორგანოს რამდენიმე წევრი დაამტკიცეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საკრებულოს წევრებმა მხარი თედო ისაკაძის კანდიდატურას დაუჭირეს. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ ლევან ჯაფარიძე აირჩიეს. ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით უთმელიძე გახდა. განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა თინათინ ნიბლოშვილმა დაიკავა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას მიხეილ ამაშუკელი უხელმძღვანელებს. სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ შალვა ოგბაიძე დაამტკიცეს. ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიას კი ლევან არველაძე უხელმძღვანელებს.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს კომისიების პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებებიც შეიტანეს. რის შემდეგაც, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის, საკრებულოს წევრებმა გურამიშვილის გამზირსა და იასამნის ქუჩაზე მდებარე „ცენტრ პოინტის“ 2 დაუმთავრებელი მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს. თბილისის საკრებულომ ამ მშენებლობების დასრულების მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხს მხარი დაუჭირა. გარდა ამისა, დეპუტატებმა რამდენიმე მისამართზე, ზონალური ცვლილებები და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი პროექტები შეათანხმეს.
დღესვე, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა სოციალური დაცვის ქვეპროგრამაში ცვლილების საკითხი წარადგინა, რომელიც სპორტული სკოლების და საცურაო აუზების წარმომადგენელთა შრომითი ანაზღაურების გაცემას ითვალისწინებს.