თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე დეპუტატებმა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების განხორციელებას, ასევე მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ და ასევე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებში ცვლილებების განხორციელების საკითხები განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
სხდომაზე ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა“ და თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრის“ რეორგანიზაციის (შერწყმა-გაერთიანების) თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილი საკითხები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
დეპუტატებმა გლდანის მასივში, საბურთალოსა და სამღებროს ქუჩების, ასევე წყნეთის გზატკეცილი #35-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით შპს “ახალი სკოლისთვის“ იჯარით გადაცემას დაუჭირეს მხარი.
დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების გადაწყვეტილებით, ახალი სახელები მიენიჭა დედაქალაქში არსებულ რამდენიმე უსახელო ქუჩასა და სკვერს.
საკითხი კომისიაში განხილვისა და შესწავლის შემდეგ საკრებულოს წევრებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ წარმოუდგინა.
საკრებულოს სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.