თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო იურიდიული პირის, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი - თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დაფუძნების საკითხს დაუჭირეს მხარი, რომელიც დეპუტატებს დედაქალაქის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა წარუდგინა.
დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შპს „თბილისის პარკების“, შპს „უძრავი ქონება-თბილისის“ და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ რეორგანიზაციას, კერძოდ, შერწყმა-მიერთების საკითხს დაუჭირეს მხარი.
სხდომაზე დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალებები და პროექტები განიხილეს, რის შემდეგაც დედაქალაქის რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის სახელის დარქმევის თაობაზე იმსჯელეს.
საკრებულოს სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.