თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წარმოადგინა.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის - „თბილისი“ ჟიურის შემადგენლობის თაობაზე ინფორმაცია დეპუტატებს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მიაწოდა.
დეპუტატებმა ჟიურის წარმოდგენილ წევრებს მხარი ერთხმად დაუჭირეს, რის შემდგომაც გიორგი ალიბეგაშვილმა მათ წარმატება უსურვა.
"იმედს ვიტოვებ, რომ ჟიურის წევრების პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გათვალისწინებით, კონკურსი არაერთ ნიჭიერ შემოქმედს გამოავლენს",-განაცხადა საკრებულოს თვამჯდომარემ.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს და წარმოდგენილ კანდიდატთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.
კენჭისყრის შედეგად დეპუტატებმა ლაშა აბაშიძის დედაქალაქის მერის პირველ მოადგილედ დანიშვნას ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.
ლაშა აბაშიძემ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაიხადა და დედაქალაქის განვითარებისათვის საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად სრული მზადყოფნა გამოთქვა.
დღესვე საკრებულოს წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრად ოთარ ნემსაძის კანდიდატურა განიხილეს და მას მხარი დაუჭირეს.