თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 34 მილიონ 450 ათას ასი ლარით იზრდება და მილიარდ 226 976,9 ათას ლარს შეადგენს. გადაწყვეტილება ამის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. თბილისის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
მისი განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოდერნიზებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კეთილმოწყობის, გამწვანების და დასუფთავების ღონისძიებებზე, ასევე სოციალური მიმართულების პროგრამებზე გადანაწილდება.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვამდე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ქართველ სპორტსმენებს ტოკიოში დღეს გახსნილ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვეს.
გიორგი ჩაკვეტაძემ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესში ცვლილებები წარადგინა. ცვლილების შეტანა გამოწვეულია თბილისში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციის, ქალთა სპორტის, პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასევე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გუნდების წახალისებისთვის.
აღნიშნული საკითხების გარდა, დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა სხვადასხვა მისამართებზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, რამდენიმე სამშენებლო კომპანიისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები გააცნო.
დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებაში ცვლილება, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე დედაქალაქის რამდენიმე უბანში უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ქუჩებისა და სკვერების სახელდების საკითხები წარადგინა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღში მდებარე საკონცერტო დარბაზს ფოლკლორისტის და ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის სახელი ეწოდა, ხოლო თბილისში ერთ-ერთ სკვერს რეჟისორ სიკო დოლიძის სახელი დაერქვა. ამასთანავე, დედაქალაქში მდებარე რამდენიმე ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების და საზოგადო მოღვაწეების სახელები ეწოდა.