თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. 65 ერთეული სპეცმანქანის შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სასესხო შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. აქედან 52 ერთეული უკვე შემოსულია. ხოლო დარჩენილი ტექნიკის მოწოდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ეტაპობრივად მოხდება. გარდა ამისა, შესყიდულია სხვადასხვა ტიპისა და მოცულობის ტექნიკა, რომელიც ნარჩენების მართვისა და დედააქალაქში სისუფთავის შენარჩუნებისთვის აუცილებელია.
ტექნიკა აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით და სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის გამოიყენება, როგორებიცაა: დასუფთავების, ნარჩენების შეგროვებისა და პოლიგონზე განთავსების, სანიაღვრე ქსელების, ასევე, გარე განათების მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სპეცტექნიკის შესყიდვის შედეგად, „თბილსერვის ჯგუფი“ გარკვეული სამუშაოების ჩატარებას თავად შეძლებს და მას კერძო კომპანიებისგან მომსახურების შესყიდვვა აღარ მოუწევს.
როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, სპეცტექნიკის შესყიდვა „თბილსერვის ჯგუფის“ ბიუჯეტითაც ხორციელდება. მიმდინარე წელს უკვე შემოყვანილია 24 ერთეული ახალი სპეცმანქანა, რაც უკვე ემსახურება ქალაქს. ახლო მომავალში შემოვა დამატებით 15 ერთეული, ხოლო წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტი ნარჩენების შემგროვებელ კიდევ 10 მანქანას შეიძენს.
პრეზენტაციის შემდეგ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ სპეცტექნიკა დაათვალიერეს.