თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ბაგების დასახლების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გახსნას დაესწრნენ. ხიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.
როგორც ხიდის გახსნაზე აღინიშნა, ბოლო პერიოდში დედაქალაქში საზოგადოებრივი და კერძო ავტოტრანსპორტის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ერთ-ერთი გადატვირთული კვანძია ვაკე-საბურთალოს რაიონების დამაკავშირებელი თამარაშვილის ქუჩა და მისი მიმდებარე ქუჩები. განხორციელებული პროექტი დადებითად აისახება როგორც საავტომობილო მოძრაობის ოპტიმიზაციაზე, ასევე, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მიმდებარე უბნების განვითარებაზეც.
ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, რომელიც უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, 260 მეტრი სიგრძისაა და ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება, ხოლო მანძილი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მეტრია. საავტომობილო ხიდის მშენებლობის ფარგლებში, მოეწყო ტროტუარები, გარე განათების ქსელი და LED სანათები, დამონტაჟდა მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი.
გარდა ამისა, ხიდთან მისასვლელი გზები და სატრანსპორტო კვანძები მოეწყო, როგორც უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან, ასევე ბაგების დასახლების მხარეს თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან.
ხიდის სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. მშენებლობა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და 2024 წლის მაისის ბოლოს დასრულდა. პროექტი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რომლის ღირებულებამ ჯამში 36 400 000 ლარი შეადგინა.