თბილისის საკრებულო ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და პოეტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, გივი შაჰნაზარი, რომელმაც მთარგმნელობით ლიტერატურაში წარუშლელი კვალი დატოვა, დააკლდება ქვეყანას და დააკლდება ლიტერატურულ საზოგადოებას.
„მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო. გივი შაჰნაზარმა მთარგმნელობით ლიტერატურაში წარუშლელი კვალი დატოვა. მან ქართულ ენაზე ააჟღერა სომეხი პოეტების ლექსები, ასევე გახლდათ აფხაზური და ოსური პოეზიის მთარგმნელი. გივი შაჰნაზარი დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით და გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე. ბატონი გივი დააკლდება ქვეყანას და დააკლდება ლიტერატურულ საზოგადოებას. ვუსამძიმრებ გივი შაჰნაზარის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.