თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე განათლებისა და კულტურის კომისიის ხელმძღვანელთან კახაბერ ლაბუჩიძესთან, საკრებულოს წევრთან ნინო რუხაძესთან, ასევე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარესთან ლევან ჯაფარიძესა და საკრებულოში არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე, საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის“ - ვარდების ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო.
გიორგი ტყემალაძემ სახალხო ზეიმზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი ვიყო ამ დღესასწაულის –„ვარდატონის“ აღნიშვნის მონაწილე. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს განსაკუთრებული თარიღი, რომელიც ერთნაირად ძვირფასია როგორც სომეხი, ასევე ქართველი ხალხისთვის. ჩვენ ვიცით, რომ თბილისი გამოირჩევა კულტურული მრავალფეროვნებით, რომელსაც აქ მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ქმნიან. გილოცავთ „ვარდატონის“ დღესასწაულს, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
დღესვე გიორგი ტყემალაძემ საიათნოვას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და სხვები.
საყოველთაო მილოცვების შემდეგ ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა თანამედროვე პოეტებთან, მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს.
„ვარდატონის“ დღესასწაული წელს თბილისში 110-ჯერ ჩატარდა და მას დიპლომატიური კორპუსის, ასევე, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირების წარმომადგენლები, ქართველი და სომეხი პოეტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
„ვარდატონი“ თბილისში პირველად 1914 წელს ქართველი პოეტის იოსებ გრიშაშვილის, სომეხი მწერლის ოვანეს თუმანიანის და მხატვარ გევორქ ბაშინჯახიანის ინიციატივით გაიმართა. მას შემდეგ ყოველწლიურად ამ დღეს თბილისში, სურფგევორქის ეკლესიის ეზოში დღესასწაულის მონაწილეებს საიათნოვას საფლავზე წითელი ვარდები მიაქვთ.