2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ევროპულმა ორგანიზაცია ACES Europe-მ, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ, ის წინაპირობები განმარტა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა.
ACES Europe-ის პრეზიდენტს და ასოციაციის გუნდს პრეზენტაცია წარედგინა და ასოციაციის მიერ დადგენილი პროცედურების მიუხედავად, თბილისმა დღესვე მიიღო საბოლოო პასუხი და გახდა ევროპის 2025 წლის სპორტის ქალაქი.
თბილისის მერიამ განაცხადი „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსის მოსაპოვებლად 2023 წელს გააკეთა. ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, AECS Europe-ის სპეციალური კომისია თბილისს 10 ივნისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კომისიის წევრებმა დაათვალიერეს დედაქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სპორტის პოლიტიკის, ასევე მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ. ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად თბილისისთვის ეს პირველი განაცხადია. სტატუსის მოსაპოვებლად განმცხადებელი მხარე უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის მიერ მოწოდებულ 12 კრიტერიუმს.
ACES Europe ბრიუსელში დაფუძნებული არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც UNESCO-ს ოფიციალური პარტნიორია. ასოციაცია ყოველწლიურად ასახელებს „ევროპის სპორტის ქალაქს“.
პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე, საკრებულოს წევრები ვლადიმერ ბოჟაძე, ავთანდილ ცინცაძე, ანა კაკაბაძე და მარიამ ზაქარიაშვილი ესწრებოდნენ.