„ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, პოლიტიკური ცხოვრება საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საკრებულოში, ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება. პარტია „ლელოს“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში და საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დავესწრებით“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის“ თავმჯდომარემ, საბა ბუაძემ ცოტნე კობერიძესთან და ვახტანგ სურგულაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"თანამდებობების მიღმა, თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია, რომელიც სახელმწიფო ყველა უწყებას ავალდებულებს უზრუნველყოს ქვეყნის პროდასავლური კურსი. ამ ვალდებულებას საკრებულო გაურბის. საკრებულოს წევრები არიან ჩუმად, როდესაც ქუჩაში ახალგაზრდებს სცემენ, პოლიტიკოსებს კი სახლებთან ხვდებიან. ასეთ ვითარებაში მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება წარმოუდგენელია. ამიტომ ჩვენ გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში მანამ, სანამ მოცემულობა სხვაგვარად არ გვიკარნახებს. ეს არის რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება“- განაცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.