თბილისის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. დასრულებული სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა, მარიკა დარჩიამ და თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინო სანადირაძემ დაათვალიერეს.
სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში, ჩატარდა სადემონტაჟო და შენობის გამაგრების სამუშაოები; სარდაფები მიწის დანალექი მასებისგან გაიწმინდა; მოწესრიგდა მუზეუმის ეზოში არსებული წყალმომარაგების ქსელი; შეიცვალა სახურავი და საწვიმარი მილები; ავთენტური სახით მოეწყო შუშაბანდი; დამონტაჟდა გათბობა - გაგრილების სისტემები; მუზეუმი აღიჭურვა ვიდეო - სამეთვალყურეო კამერებითა და ხანძარქრობის თანამედროვე სისტემებით; მუზეუმს ზანდუკელის ქუჩის მხრიდან დაემატა შემოსასვლელი კიბე; ეზოში დამონტაჟდა განათებისა და სანიაღვრე სისტემები; მოეწყო ავთენტური ქვაფენილი. მუზეუმი ადაპტირებულია და ითვალისწინებს სხვადასხვა საჭიროების ადამიანებისთვის სრულ ხელმისაწვდომობას.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის მერიამ მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმის შენობაში არსებული კერძო პირის კუთვნილი ფართი გამოისყიდა და მუზეუმს გადასცა. გიორგი ტყემალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ ფართშიც დასრულდა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში, შენარჩუნდა შენობის ისტორიული ნაწილი და კვლევისას აღმოჩენილი ავთენტური კედლები.
“მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში ძალიან მნიშვნელოვანი სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ ერთი განსაკუთრებული და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სივრცე შეემატება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ვიზიტორი ეყოლება. მინდა, მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელობას დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო“ -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ მუზეუმის დაარსების იდეა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა.
„დღეს ვიმყოფებოდით მუზეუმში, სადაც სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ბოლო 30 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. დღეს კი სახლ-მუზეუმის რესტავრირებისთვის ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული. ჩვენ დავპირდით თბილისელებს, რომ მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი მიიღებდა იმ ფორმას, რომელიც მუზეუმების თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და ეს პირობა შევასრულეთ“- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, მუზეუმში მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები, ნოტებისა და გრამფირფიტების კოლექცია, მე-20 საუკუნის II ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფოტო და დოკუმენტური მასალა, პირადი წერილები და მერაბ კოსტავას ინიციატივით გამოცემული არალეგალური ჟურნალ-გაზეთები გამოიფინება.
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ინიციატივითა და თაოსნობით დაარსდა. მუზეუმი ზანდუკელის ქუჩის N1-ში მდებარეობს, სადაც საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 1939 წელს დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.
კახა ლაბუჩიძემ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 22,2024ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა
ოქტომბერი 22,2024საკრებულოში სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ოქტომბერი 21,2024