თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს კობა კობალაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსად დანიშვნასთან დაკავშირებით ვადაზე ადრე შეუწყვიტეს.
საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაინიშნა.
საკრებულოს დადგენილებით და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისას, იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს ვადის ამოწურვამდე ერთ წელზე მეტია დარჩენილი, სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება.
სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა საკრებულოში კოლეგის მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასეს და კობა კობალაძეს პროფესიული წარმატება უსურვეს.