თბილისის საკრებულოს წევრმა ნათია მოდებაძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და საკრებულოსა და კომისიების მუშაობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
ანგარიშის წარდგენისას, ნათია მოდებაძემ მისივე ჩართულობით, განათლებისა და კულტურის კომისიის მიერ განხორციელებულ რამდენიმე პროექტზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, საანგარიშო წელს, თბილისის საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან ერთად დაფუძნდა „წლის მკითხველის“ წოდება, ხოლო ქართული სამუზეუმო კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესდა ჯილდო, რომელიც იშვიათი, ნოვატორული ხედვის დიზაინერის დაჯილდოებას ისახავს მიზნად.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი საკრებულოს წევრი განათლებისა და კულტურის კომისიის 8 სხდომას დაესწრო და 37 საკითხი განიხილა.
საკრებულოს წევრმა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური საკითხების კომისიის მუშაობის ფარგლებში მისი ჩართულობით განხორციელებულ მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის და სოციალური დახმარების მიმართულებით თბილისში მოქმედი პროგრამებისა და ქვეპროგრამების რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, ხდება ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამული ბიუჯეტის ზრდაც.
ამასთანავე, 2022 წელს გაგრძელდა იმ პროგრამების დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები მათი საჭიროებების შესაბამისად უზრუნველყოფილნი არიან გარანტირებული სოციალური დახმარებით. ასევე, საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი ბიუჯეტით, გაგრძელდა თბილისის რაიონის გამგეობების მიერ მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის თანადაფინანსება.
საკრებულოს წევრმა მისი მონაწილეობითა და მხარდაჭერით გაცემულ ერთჯერად დახმარებებსა და კომპენსაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი”, გამგეობის უფლებამოსილების ფარგლებში ბინის ქირის არსებული საკომპენსაციო თანხის 500 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.
საკრებულოს წევრმა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით დამტკიცებულ 7 ქვეპროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და მათგან ,,აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციისა “ და ,,ტრანსპლანტაციის” ქვეპროგრამების მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა.
ნათია მოდებაძემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრად მუშაობის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, კომისიის 32 სხდომას დაესწრო, მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტი საკითხის განხილვაში და განხილვისას მოუსმინა 1000-მდე მოქალაქეს.
ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები,ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.