ვაკის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. მორიგი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელეს. დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტარი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაც გამართეს და გამოჩენილი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადეს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაკის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, სასიხარულოა, რომ ავტოფარეხების ადგილას დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცეები მოეწყობა.
„ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, ავტოფარეხების ადგილას აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცეები შეიქმნება. N21 კორპუსის მიმდებარედ დაგეგმილია კეთილმოწყობილი სკვერის მშენებლობა, სადაც მოეწყობა სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი ზონა, საბავშვო მოედანი და გამწვანებული სივრცე. ყველა ვთანხმდებით, რომ უსახურ ავტოფარეხებს დედაქალაქში ესთეტიკურად და ფუნქციურად გამართული ინფრასტრუქტურის არსებობა ნამდვილად სჯობს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.