თბილისის საკრებულოში, რევაზ სოხაძის ხელმძღვანელობით, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს, ლევან ჟორჟოლიანს მოუსმინეს, რომელმაც თბილისში, რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა. მათ შორის, კომისიის წევრებმა, „შპს „ათორის“ და მასთან აფილირებული კომპანიების მიერ მშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 871 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის წესით პრივატიზებისა და მასზე საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის თაობაზე“ ინტერესთა გამოხატვის პირობები შეათანხმეს.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, მაღალი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საირმის ქუჩა N37-ში, მუხაძის N4-სა და ირაკლი აბაშიძის N55-ში მდებარე შპს „ათორის“ ობიექტებისთვის დაუმთავრებელი მშენებლობების სტატუსი მიეცა. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, დაზარალებულად ცნობილ პირთა შესახებ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც თბილისის პროკურატურამ წარადგინა, დაზარალებულად 281 ფიზიკური და იურიდიული პირია აღიარებული. მისივე თქმით, აღნიშნულ პირთა ზიანი ჯამურად 16 491 515 აშშ დოლარს, 96 840 ევროს და 2 330 329 ლარს მოიცავს.
დღესვე დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხიც შეათანხმეს და ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე რიგი ავარიული კორპუსების ჩანაცვლების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თაობაზე იმსჯელეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების“ და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში ცვლილებები შეიტანეს.
კომისიის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაშიც. საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე თბილისის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზეც იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხების განხილვის შემდეგ, კომისიის წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე ზონალური ცვლილებები და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.