თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად ვაკის რაიონის გამგებლის, დავით კვინიკაძის, მიერ 2023 წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
დავით კვინიკაძემ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, თანამშრომლობაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, სოციალურ, კულტურულ, სპორტულ და საბავშვო პროექტებზე ისაუბრა.
ანგარიშის მიხედვით, გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელს დაგეგმილი სამუშაოს დეტალების განხილვა დასასვენებელი სივრცეების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდებოდა. გამწვანებული დასასვენებელი სივრცე 13 მისამართზე მოეწყო, სხვადასხვა მისამართზე 1 160 ძირი მცენარე დაირგო - სკვერებს შეემატა ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები, ბუჩქები და ბალახის საფარი.
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით 7 მისამართზე სპორტული მოედნები განთავსდა, მათ შორის, ერთი ჩინეთის საელჩოს მიერ გამოყოფილი გრანტით რეაბილიტირდა.
საგზაო ინფრასტრუქტურა 161 მისამართზე განახლდა - მოწესრიგდა 77 000 კვ. მ ფართობის გზა.
უსაფრთხოების მიზნით 2023 წელს ფერდის გასამაგრებელი და დამცავი რკინა-ბეტონის კედლები 5 მისამართზე მოეწყო, 9 მისამართზე კი საერთო სარგებლობის კიბე აშენდა და ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა. მიმდებარედ მოეწყო განათების ქსელიც.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 190 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. რეაბილიტირდა 84 ლიფტი. დაზიანებული გადახურვა 33 მისამართზე განახლდა, 12 მისამართზე კი ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. პროექტების ჩამონათვალს სადარბაზოების შიდა სივრცეების გამაგრების სამუშაო დაემატა - 5 მისამართზე რეაბილიტირდა და გამაგრდა დაზიანებული ნაწილები, ე.წ. შიდა აივნები, აღდგა არსებული ნაპრალები და სხვა პრობლემური მონაკვეთები. შვიდ მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა. ოთხ მისამართზე კორპუსების სართულშუა ნაპრალები რეაბილიტირდა. ამხანაგობებისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი - წყალარინების შიდა ქსელების განახლება - განხორციელდა. ასევე მიმდინარე წელს განახლდა 21 წყალარინების ქსელი.
გარდა ამისა, 2023 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამებისთვის 3 320 800 ლარი იყო გათვალისწინებული.
ამასთან, ხუთი სპორტული ტურნირი, სამი საბავშვო და კულტურული ღონისძიება და ერთი ინტელექტუალური თამაში დაფინანსდა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ დამსწრეებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ 2023 წელი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი გეგმების და მასშტაბური პროექტების განხორციელებით დასრულდა.
„ჩვენს დედაქალაქში არაერთი სასარგებლო, მრავალი მიმართულების მქონე პროექტი რეალიზდა, თუმცა ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ ვაკის რაიონზე. განხორციელდა ათეულობით პროექტი, რომლებმაც მოიცვა აბსოლუტურად განსხვავებული და ამასთანავე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროები: ურბანული, ინფრასტრუქტურული, საგზაო-სატრანსპორტო, კეთილმოწყობის, კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვის. მოეწყო უბნის სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებს.
ასეთი მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელება შესაძლებელი გახდა პრიორიტეტების სწორად განსაზღვრით და დეტალური დაგეგმვით, პროცესში მონაწილე ადამიანების პროფესიონალიზმით და შრომით.
მადლობას ვუხდი ვაკის რაიონის გამგებელს, გამგეობის ყველა თანამშრომელს გაწეული შრომისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წელი კიდევ მეტი წარმატების და მიღწევის მომტანი იქნება“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
ვაკის გამგეობის 2023 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის წევრი, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე, დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, სხვადასხვა რაიონის გამგებლები, მაჟორიტარი დეპუტატები და ვაკის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრნენ.
მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024