თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის წევრებს ნდობა გამოუცხადა. მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების უფროსებისა და რაიონული გამგებლების კანდიდატურები საკრებულოს წევრებს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა. თბილისის მერმა გასული ოთხი წელი შეაჯამა, დედაქალაქში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, ახალ გუნდს წარმატებები უსურვა და მეშვიდე მოწვევის საკრებულოსთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
კანდიდატების წარდგენის შემდეგ, სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გამოვიდა. მან დედაქალაქის მერს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და განაცხადა, რომ ეს არის დასტური იმისა, რომ კახა კალაძის ოთხწლიანი საქმიანობა იყო წარმატებული. გიორგი ტყემალაძემ დღევანდელი სხდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კანდიდატები, რომელიც კახა კალაძემ საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა, სწორედ ის გუნდია, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში თბილისისთვის მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პროექტების განხორციელება შეძლო. საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მაშინ როცა თბილისის მერი მზადაა ითანამშრომლოს არამხოლოდ უმრავლესობასთან, არამედ ოპოზიციასთანაც, მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.
თბილისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის გამოსვლების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრების შეკითხვები ძირითადად მიწების დაკანონებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გამწვანებული სივრცეების შექმნას, ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებულ თემას და სხვადასხვა კონკრეტულ საკითხებს ეხებოდა, რომელსაც კახა კალაძემ უპასუხა.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, საკრებულოს სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა, რის შემდეგაც თბილისის მთავრობის კანდიდატებს კენჭი უყარეს და დაამტკიცეს.
თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) თანამდებობაზე ირაკლი ხმალაძე; თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე ანდრია ბასილაია; თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბენდელიანი; თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე ილია ელოშვილი დაინიშნა.
თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებს კი უხელმძღვანელებენ:
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (ადმინისტრაციის უფროსი) - ვლადიმერ ჭიღლაძე. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური - გიგა გიგაშვილი. თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური - ხელმძღვანელი - ვახტანგ ლომჯარია; თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი - კახაბერ გულედანი; თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური - გიორგი აბუთიძე; თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური - სერგო ბირკაძე; თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური - ირაკლი გვილავა; თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური - გაიოზ თალაკვაძე; თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური - გიორგი პაპავა; თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური - გელა ჩივიაშვილი; თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეული (საქალაქო სამსახურის უფროსი) - ნიკოლოზ ჭონქაძე.
რაც შეეხება რაიონულ გამგებლებს, თბილისის საკრებულომ მხარი ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით უთმელიძეს; დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ვლადიმერ ძნელაძეს; გლდანის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილს; ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძეს; ისნის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ნიკა ელისაშვილს; კრწანისის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ბექა მიქაუტაძეს; მთაწმინდის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კირკიტაძეს; ნაძალადევის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ირაკლი ანდღულაძეს; საბურთალოს რაიონის გამგებლის თანამდებობაზე გაიოზ ვასაძეს, სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კი კახა სამხარაძეს დაუჭირა.