თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა, დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს და მხარი დაუჭირეს. საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 154,5 ათასი ლარით და 1 392 233,5 ათას ლარს შეადგენს.
ცვლილებების მიხედვით, იზრდება საქალაქო ტრანსპორტის სუბსიდია - 28 253,6 ათასი ლარით, სარეზერვო ფონდი - 3 120.0 ათასი ლარით. ცვლილება შეეხება დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონების გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებებს.
2022 წლის ბიუჯეტში ცვლილების გარდა, საკრებულოს სხდომაზე „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის შესახებ“ დადგენილების ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირეს. ახალი პროგრამით, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების გარდა, დაფინანსებას მიიღებენ მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა) სტუდენტები, რომლებსაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში უფიქსირდებათ თბილისში რეგისტრაცია.
ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტში ცვლილება საკრებულოს წევრებს მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარუდგინა. მან პროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრა. ავარიული ბინების მესაკუთრეებს მუნიციპალიტეტი უსასყიდლოდ სთავაზობს ახალი ბინების მშენებლობას. პროექტის განხორციელებისთვის ავარიული შენობების მობინადრეთა 100% თანხმობაა საჭირო.
სერგო ბირკაძემ საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესში ცვლილებაც წარადგინა.
აღნიშნულის გარდა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ,,შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მიმართ გასატარებელი ხელშემწყობი ღონისძიებების საკითხები წარადგინა.
ცვლილება შედის „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №39-18 დადგენილებაში.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.