თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი განიხილეს და საკრებულოს რეკომენდაციებით მერიას დაუბრუნეს.
როგორც ცნობილია, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 მილიარდ 199 მილიონ 917 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 1 49 614,5 ათასი ლარით მეტია. ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში 15 ნოემბერს შემოვიდა. საკრებულომ ფინანსური დოკუმენტი კომისიურ ფორმატში განიხილა და რეკომენდაციები შეიმუშავა. წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა.
2022 ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტები:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა–აღდგენა და განვითარება; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთლობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა, უმრავლესობის წევრებმა ნინო რუხაძემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, რევაზ სოხაძემ, ფრაქცია „თბილისის“ წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს რეკომენდაციები და შენიშვნები ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დავით უთმელიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ შეაჯამეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა საკრებულოს რეკომენდაციებით 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მერიისთვის დაბრუნებას მხარი დაუჭირეს. ფინანსური დოკუმენტი, რეკომენდაციების გათვალისწინებით და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერით, კანონის შესაბამისად, საკრებულოში ხელახალი განხილვისთვის 10 დეკემბრამდე დაბრუნდება.