თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ კომისიების წევრებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოუდგინა.
მისი თქმით, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 1 983 178,0 ათასი ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 219 823, 3 ათასი ლარით, ხოლო 2025 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან კი შედარებით 156 869,4 ათასი ლარით მეტია.
დღესვე გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში, ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი წარმოუდგინა.
მისი თქმით, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
გაერთიანებულ სხდომაზე თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები შეათანხმეს. საკითხის თაობაზე ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა წარმოადგინა.
სხდომაზე ასევე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს მოუსმინეს.
სერგო ბირკაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა ფორმით პრივატიზების, ასევე გაცვლის ფორმით და იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შეთანხმების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
გარდა ამისა კომისიის წევრებმა - ქონების მართვის სააგენტოსა და სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გაფორმებული „უძრავი ქონების გაცვლის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე ასევე სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ალმას“ შორის გაფორმებულ „ფეხით გადასასვლელი ხიდების მშენებლობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმების მოწონებას და შპს „ალმას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელებას დაუჭირეს მხარი.
სერგო ბირკაძემ ასევე სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული „უძრავი ქონების გაცვლის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
მან ასევე „ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე 20000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ა(ა)იპ „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემის საკითხის შეთანხმების თაობაზე“ თბილისის საკრებულოს შესაბამის განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ისაუბრა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.