ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, საზოგადოებას 2023-2024 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიში მოიცავს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციას.
გურამ ოქროპირიძემ საკრებულოში დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სხდომებში მონაწილეობის შესახებ, ასევე განათლებისა და კულტურის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიების მუშაობის თაობაზე.
საანგარიშო პერიოდში, გურამ ოქროპირიძე, როგორც საკრებულოს წევრი, დაესწრო ბიუროს 23 და საკრებულოს 13 სხდომას. სხდომებზე მისი თანამონაწილეობით მიღებულია 788 გადაწყვეტილება, მათ შორის 113 დადგენილება და 675 განკარგულება.
კომისიების მუშაობის ფარგლებში სატრანსპორტო საკითხთა კომისიამ, ჩაატარა 7 სხდომა, სადაც განიხილეს 19 საკითხი, 18 დადგენილება, 1 ანგარიში. განათლების და კულტურის კომისიამ, ჩაატარა 9 სხდომა, სადაც განიხილეს 11 საკითხი, 1 განკარგულება, 4 დადგენილება, 4 სხვა საკითხი, 2 ანგარიში.
გურამ ოქროპირიძე, როგორც ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’-ს წევრი, დაესწრო ფრაქციის 18 სხდომას, სადაც განიხილეს 40 საკითხი. საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს მერიის საქალაქო სამსახურის პროექტების განმხილველი კომისიის ფარგლებში ჩატარებული აქვს 21 სხდომა, სხდომებზე განხილულია 380 პროექტი.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ. მისივე თქმით, კომისიამ მხარი დაუჭირა არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რამაც ხელი შეუწყო დედაქალაქში სპორტის განვითარებას და ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელებას.
გურამ ოქროპირიძის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაემატა, როგორც სპორტის, ასევე ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია სისტემატურად ახორციელებს სამუშაო შეხვედრებს სპორტულ, ახალგაზრდულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
დღესვე, დამსწრე საზოგადოებას 2023-2024 წლის საქმიანობის ანგარიში საკრებულოს წევრებმა მარიამ ზაქარიაშვილმა და ანა კილაძემაც წარუდგინეს.
საანგარიშო პერიოდში მარიამ ზაქარიაშვილი ფრაქციის „ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 18 სხდომას დაესწრო, სადაც 40 საკითხის განხილვაში მიიღო მონაწილეობა, ასევე დაესწრო საკრებულოს 14 სხდომას.
კომისიების მუშაობის ფარგლებში მარიამ ზაქარიაშვილი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის 11 სხდომას დაესწრო და განიხილა 185 საკითხი, ხოლო სატრანსპორტო საკითხთა კომისიის 16 სხდომას დაესწრო, სადაც 43 საკითხის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
ანა კილაძის ანგარიშში ნათქვამია, რომ საკრებულოს წევრი საანგარიშო პერიოდში დაესწრო საკრებულოს 7 სხდომას, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის 7, ხოლო გარემოს დაცვის კომისიის 4 სხდომას.
ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერიისა და საკრებულოს, სპორტული ფედერაციების და სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.