თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრებმა - მამუკა გუგეშაშვილმა, ნინო კვიტაიშვილმა, გოგა ონიანმა, თორნიკე ბიკაშვილმა და ანა გოგოლაძემ 30 ოქტომბერს, მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.
ანგარიშის წარდგენისას მომხსენებლებმა მოსახლეობას ის მიმდინარე ურბანული ინიციატივები და პროექტები გააცნეს, რომლებთან დაკავშირებითაც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც დედაქალაქის, ასევე მოქალაქეთა ინტერესების სასარგებლოდ სასამართლოს მიმართეს და სამართლებრივი დავები აღძრეს.
კერძოდ, საუბარი შეეხო ლაგუნა ვერეს მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობას, ყოფილი იპოდრომის ტყეში დამტკიცებულ სამშენებლო ნებართვას, ხევძმარას ხეობაში განსახორციელებელ პროექტსა და გეოლოგიურ გამოწვევებს, ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე უკანონოდ გასხვისებულ სახელმწიფო ქონებას და ყოფილი ვაგონმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაგეგმილ მასშტაბურ მშენებლობას.
საკრებულოს წევრებმა, მოსახლეობას ასევე წლის განმავლობაში პროფესიულ და ექსპერტთა ჯგუფებთან განხორციელებული თემატური შეხვედრების ანალიზი და ძირითადი რეკომენდაციები წარუდგინეს.
შეხვედრის ფარგლებში, გამომსვლელებმა მოქალაქეთა უსაფრთხოებასთან, ურბანულ, ინფრასტრუქტურულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს და ამასთანავე, სამომავლო გეგმებისა და ინიციატივების შესახებ დეტალურად ისაუბრეს.