თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახა აბულაძესთან და თბილისის მერის მოადგილესთან, კახა გულედანთან, ერთად ისნის რაიონში მდებარე ახლად გახსნილი N30 საბავშვო ბაღი დაათვალიერა.
N30 ბაგა-ბაღი ნავთლუღის ქუჩაზე მდებარეობს. ბაღი 11-ჯგუფიანია და 350 აღსაზრდელზეა გათვლილი. ამ დროისთვის 250 ბავშვია რეგისტრირებული, რაც ბაღს აძლევს შესაძლებლობას ბავშვები კიდევ მიიღოს.
საბავშვო ბაღის შენობა და ინფრასტრუქტურა ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, რომლებიც სავალდებულოა თანამედროვე სკოლამდელი განათლების დაწესებულების ფუნქციონირებისათვის. გარდა ამისა, პროექტის მიმდინარეობისას ბავშვთა სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონებისათვის დედაქალაქის მერიამ ბაღს დამატებით ტერიტორია გადასცა, რის შედეგადაც ღია აქტივობებისათვის სივრცე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
N30 საბავშვო ბაღი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვები“ თანამშრომლობის ფარგლებში ბაღში უკრაინელი ბავშვებისთვის სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც სწავლება უკრაინულ ენაზე და უკრაინული ეროვნული პროგრამით მიმდინარეობს.